პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას დადებითად აფასებენ ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ მესამე პრეზიდენტმა სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინა და ბუნებრივად მიიჩნევენ იმასაც, რომ მან საკუთარი ულტიმატუმი წამოაყენა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების იმედად არ უნდა იყოს და პროტესტის გაძლიერებაზე იზრუნოს.
"ბატონი სააკაშვილის გადაწყვეტილება არის ძალიან სწორი და მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში მას სჭირდებოდეს იუსტიციის მინისტრის რჩევა - დარიგებები. იმდენად არ აინტერესებს ხელისუფლებას ან კონსილიუმი, ან სამედიცინო სპექტრი რას ამბობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ მე ვიცი მხოლოდ ერთი რამ - ოპოზიციამ, ყველამ ერთად უნდა გავაძლიეროთ ის პროტესტი, რომელიც უკვე არის მოსახლეობაში, ჩვენ უნდა მივყვეთ ამ ხაზს, არავის იმედი არ უნდა გვქონდეს,"-აცხადებს ბაჩო დოლიძე.
პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ დღის ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.
"ვფიქრობ, უნდა შედგეს საფუძვლიანი მსჯელობა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტებისა და კონსილიუმის ჩართულობით, როგორ შეიძლება უახლოეს საათებში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უზრუნველყოფს სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ დღევანდელი დღის ბოლოს რაიმე კონკრეტული შედეგის დადებას იმ მიმართულებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს უზრუნველყოფილი,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ხაზს უსვამს, რომ გლდანის მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტის რეაბილიტაცია არასდროს მომხდარა.
"გლდანის დაწესებულებაში ვერანაირი რეაბილიტაცია ვერ მოხდება, რადგან იქ სარეაბილიტაციო ღონისძიებები არასდროს განხორციელებულა, იმასაც შეგახსენებთ, რომ ბოლო 11 თვის განმავლობაში არცერთი პაციენტი არ მიუღია ამ დაწესებულებას, 2021 წლის იანვრიდან მიხეილ სააკაშვილი პირველი იყო, ვინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი თვითონ აცხადებენ, რომ კონსილიუმმა გადაწყვიტოსო - კონსილიუმმა უკვე გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ პოლიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში,"-აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ შემდგომი რეაბილიტაციისთვის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობს. მისი უფლებადამცველები სააკაშვილის მრავალპროფილურ, კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, თუმცა, პენიტენციურმა სამსახურმა ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.