16 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს კლინიკაში, ეს დამოკიდებული უნდა იყოს ექიმების გადაწყვეტილებაზე და არა ულტიმატუმებზე - "ოცნება" სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

მმართველი გუნდისთვის მიუღებელია პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

"ქართული ოცნების" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ეს პირობა ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პატივს არ სცემს არც სახელმწიფოს და არც საერთაშორისო სასამართლოს. 

"მისი პირობები, რომ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში ის შეწყვეტს შიმშილობას, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის პატივს არ სცემს არცერთ სახელმწიფოს და, მათ შორის, არც საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც დაჟინებით მოუწოდებს, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა. ის, თუ სად უნდა მოხდეს მისი რეაბილიტაცია, ბუნებრივია, არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და ამის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულების გადასაწყვეტი. პატიმარ სააკაშვილის ულტიმატუმები სრულიად მიუღებელია არამარტო საქართველოს საზოგადოებისთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო სასამართლოსთვისაც,"-აცხადებს მაჭარაშვილი.

"ოცნების" ერთ-ერთი წევრის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები ექიმებმა უნდა მიიღონ.

"გადაყვანა უნდა მოხდეს თუ არა, ეს დამოკიდებული უნდა იყოს არა ულტიმატუმზე, არამედ კონკრეტული საჭიროებებზე, რაც ექიმების მხრიდან იქნება დანახული. პენიტენციური სამსახური უნდა დაინტერესდეს სწორედ ამ კონკრეტული საკითხის შეფასებით, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში რამდენად იარსებებს მისი საჭირო სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა,"-აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ შემდგომი რეაბილიტაციისთვის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. 

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობს. მისი უფლებადამცველები სააკაშვილის მრავალპროფილურ, კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, თუმცა, პენიტენციურმა სამსახურმა ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. 

დღის ამბები