პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესწორებულ ვარიანტზე მუშაობა დაიწყო. 2022 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი, 18 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრა და მასში გათვალისწინებულია სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ხელფასების ათ პროცენტიანი ზრდა.
პროექტი ოპოზიციას არ მოსწონს, აქვთ კონკრეტული შენიშვნებიც:
"ეს ბიუჯეტი არის არაეფექტიანი, კორუმპირებული, არარაციონალური და ნებისმიერი არა -თი შესაფასებელი. სამწუხაროდ ის უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ ქვეყანას დასავლეთმა გაუწია, მისი შედეგი იყო მინიმალური. პანდემია მძინვარებს და კიდევ უარესია მოსალოდნელი, ვიდრე არის დღეს, იმიტომ რომ გვყავს ანტივაქსერი, ბნელი მთავრობა," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველ გუნდში. გურამ მაჭარაშვილის თქმით ბიუჯეტში განსაზღვრულია პრიორიტეტები, რაც 2022 წელს აუცილებლად იქნება განვითარებული:
"2022 წლის ბიუჯეტი, წინა ბიუჯეტების მსგავსად აგებულია ძირითადად სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებაზე, ჯანდაცვის სფეროზე. განსაზღვრულია პრიორიტეტები, რაც 2022 წელს აუცილებლად იქნება განვითარებული," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.