16 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
სუსთან პროტესტის დროს ავტომობილში მჯდომი ზურაბ ჯაფარიძე ევაკუატორით გადაიყვანეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მორიგი აქცია პერფორმანსი გაიმართა. "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით ჩაკეტა, რომელშიც თავადვე იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა მას თავდაპირველად მოუწოდეს, რომ უწყების შესასვლელი გაეთავისუფლებინა, თუმცა უარის მიღების შემდეგ, ადგილზე ევაკუატორი მიიყვანეს და ჯაფარიძის ავტომობილი სხვა ტერიტორიაზე სწორედ ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანეს, რა დროსაც ზურაბ ჯაფარიძე კვლავ ავტომობილში იმყოფებოდა.

მსგავსი პერფორმანსები გაიმართა საქართველოს კიდევ ხუთ ქალაქში.  "გირჩი-მეტი თავისუფლების" ინფორმაციით, გორში სუსის შენობის შესასვლელი ჩახერგილი ჰქონდა ბადრი გრიგალაშვილს, თბილისში – ზურა ჯაფარიძეს, ბათუმში – თემურ გორგაძეს, ქუთაისში – იმედა კლდიაშვილს, რუსთავში – ირაკლი კუკანიას და თელავში – ტორესა მოსს.

სახელმწიფო უსაფრთხოების ადგილობრივი სამსახურის შესასვლელი ჩაკეტა "გირჩი – მეტი თავისუფლების" ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილმა კანდიდატმა იმედა კლდიაშვილმა. ავტომობილი მან შესასვლელთან  გააჩერა. ის ამ დროისთვის საკუთარ ავტომობილში იმყოფება, საიდანაც გადმოსვლასაც არ აპირებს და არც კომენტარს აკეთებს.

 

როგორ მისი თანაგუნდელები აცხადებენ, ეს არის მდუმარე აქცია, რითაც კლდიაშვილი მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. იმედა კლდიაშვილმა მსგავსი აქცია რამდენიმე დღის წინ გამართა, რის გამოც 2000 ლარით დაჯარიმდა.

პერფორმანსის მონაწილეთა ნაწილი პოლიციამ დააკავა, გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ დაკავებულთა შორის არიან თელავში გირჩის წევრი, მწერალი ტორესა მოსი (ვახტანგ მოსიაშვილი), ასევე ბადრი გრიგალაშვილი და გიორგი ფუტკარაძეც.

 

დღის ამბები