პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესწორებულ ვარიანტზე მსჯელობას განაგრძობს.
2022 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი, 18 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრა და აგებულია სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებაზე.
არაეფექტიანი, არარაციონალური და ნებისმიერი არა-თი შესაფასებელი - ასეთია ოპოზიციის პოზიცია.
კომიტეტის სხდომაზე "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი დაინტერესდა იმით, თუ რატომ არ დგამს ხელისუფლება ნაბიჯებს ინფლაციის შესამცირებლად. რაზეც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის პასუხი იყო, რომ ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული ინფლაციისას ცენტრალური ბანკის რეაგირება კონტრპოდიქტიულია:
"ეს გამოიწვევს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის შემცირებას და საბოლოო ჯამში შემდგომ პერიოდში მივიღებთ უფრო მაღალ ინფლაციას,"- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა. მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ ინფლაცია მომავალი წლის გაზაფხულიდან შემცირდება.
კომიტეტზე დეპუტატებმა მოუსმინეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძესაც. საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებული ხელფასების ზრდა შეეხება ყველა საჯარო პირს, დაწყებული სამინისტროებიდან თვითმმართველობების ჩათვლით.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის თქმით, კომიტეტი ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს და რეკომენდაციას გაუწევს სესიაზე განსახილველად:
"სამინისტროს გათვალისწინებული აქვს დიდი ნაწილი პარლამენტის შენიშვნების. მთელ რიგ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსებები, ჩვენ გვაქვს შენიშვნები კომიტეტზე, ჩემი წინადადებაა რომ კენჭი ვუყაროთ და რეკომენდაცია გავუწიოთ,რომ სესიაზე გავიტანოთ," - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.