16 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
"უნდა შეწყდეს პრეზიდენტ სააკაშვილის წამება და არაადამიანური მოპყრობა" - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მისი მხარდამჭერები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ისინი უწყებასთან მეტროსადგურ "დიდუბიდან" მსვლელობით მივიდნენ.

"პროტესტი გაგრძელდება სულ - ყველა ადამიანს, ვისაც სჯერა, რომ უნდა შეწყდეს პრეზიდენტ სააკაშვილის წამება და არაადამიანური მოპყრობა, განსაკუთრებით, იმ კადრების გავრცელების შემდეგ, ამ ადამიანებმა უნდა გამოხატონ პროტესტი,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ხატია დეკანოიძე.

"მოვითხოვთ, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ გადაიყვანონ ნორმალურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იქნება უსაფრთხოდ და ექნება შესაბამისი, კვალიფიციური მკურნალობის და მონიტორინგის პირობები,"-აცხადებს "ლელოს" წევრი ვახტანგ სურგულაძე. 

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ შემდგომი რეაბილიტაციისთვის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. 

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობს. მისი უფლებადამცველები სააკაშვილის მრავალპროფილურ, კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა, პენიტენციურმა სამსახურმა ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. 

დღის ამბები