16 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში შიმშილობას განაგრძობს, ევროდეპუტატმა ანა ფოტიგამ მოინახულა

ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში შიმშილობას განაგრძობს, ევროდეპუტატმა ანა ფოტიგამ მოინახულა. ევროპარლამენტარი საქართველოში გუშინ ღამით ჩამოვიდა. 

ანა ფოტიგას განცხადებით, მისი ვიზიტის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის მონახულებაა.

"ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის მონახულებაა. მე ვითხოვე უფლება, რომ მოვინახულო. ზოგადად ვისაუბრე პოლიტიკურ აქტივობებზე, ლეხ კაჩინსკის ხედვებზე. აქ ვარ, რათა ვიყო ქართველ ხალხთან ერთად. მე საერთაშორისო არენაზე ვცდილობ მხარი დავუჭირო საქართველოს ევროკავშირის თუ NATO-ს წევრობაზე. მე წელიწად ნახევრის წინ ბატონმა სტოლტენბერგმა დამნიშნა იმ ათ ექსპერტს შორის, რომლებიც NATO-ს მომავალზე იმუშავებდნენ. ყველა დოკუმენტში საქართველოს აქვს კარგი მომავალი. ვიმედოვნებ ქართველები იპოვიან პოლიტიკური კონსენსუსის გზას ევროატლანტიკური მომავლისთვის, რადგან მეტი წილი თქვენ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, რომ გაერთიანდეთ საერთო მიზნების გარშემო. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჩემი ვიზიტი სააკაშვილის საქმის დეტალების გამორკვევას ეხება, რამდენად შესაძლებელია მისთვის დახმარების გაწევა. პირადად მე შეშფოთებული ვარ, რადგან ხშირი კონტაქტი გვქონდა ერთმანეთთან. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით," - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ანა ფოტიგამ.

"დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოში დემოკრატირას ჩვენს ნაცვლად ააშენებს.

"ანა ფოტიგაც და ჩვენი ქვეყნის მეგობრებიც ხედავენ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ - პოლიტიკოსები, მოქალაქეები, აქტივისტები, არ ვეგუებით და ვიბრძვით. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ჩვენს ნაცვლად აშენებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას. მსგავსი ადამიანების აქტიური ჩართულობა ჩვენი დემოკრატიის პირველ რიგში მხარდასაჭერად, არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. მისი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილიან კლინიკაში გადაიყვანონ.

დღის ამბები