პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი პარტნიორი ჯგუფები, სამართლებრივ და პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებული მოთხოვნების საფუძველზე, პროტესტის სახელით არეულობის შექმნას აგრძელებენ.
მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მიერ სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას, პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენოს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა:
"სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი პარტნიორი ჯგუფები ყოველგვარ სამართლებრივ და პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებული მოთხოვნების საფუძველზე, პროტესტის სახელით აგრძელებენ არეულობის შექმნის, ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობებს და სახელმწიფოზე თავდასხმებს.
ამჯერად, საზოგადოება როგორც ხედავს, ოპოზიცია ყველაზე ამაზრზენ მეთოდებზე აგებს დისკრედიტაციის კამპანიას და ცდილობს საკუთარ მიზნებს, ჩვენი სამართალდამცავების შეურაცხყოფის მიყენების საფუძველზე მიაღწიოს, რომლებიც მზად არიან ქვეყნისა და საზოგადოების დაცულობა ნებისმიერ დროს უზრუნველყონ. მეორე მხრივ, ნამდვილად პოლიტიკური თავხედობის პიკია, როდესაც ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოქალაქეების ჩაგვრისა და პოლიციელების მუნდირის ფეხქვეშ გათელვის მეტს არაფერს აკეთებდნენ, დღეს ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, რომლებიც 24 საათის მანძილზე უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და თავისუფლებას.
დღეს, ქართული პოლიცია დგას სახელმწიფოს სამსახურში. ბუნებრივია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა, მოახერხეს და შეძლეს წინა რეჟიმის პირობებში, პოლიციის მიმართ უნდობლობისა და შიშის ნაცვლად ხალხის ნდობა მოეპოვებინათ. სწორედ ამიტომ, რამდენიც არ უნდა ეცადონ დესტრუქციულმა ძალებმა, სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ.
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, უსაფრთხოების სამსახურსა თუ სხვა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელს მოთმინებისთვის და დაუღალავი შრომისთვის. ხელისუფლება აუცილებლად უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და კანონის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას, კანონისვე ფარგლებში გაეცემა პასუხი,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.