16 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
"შემოქმედებითი ქალაქი" - თბილისი unesco-ს კრეატიული ქალაქების ქსელის წევრი გახდა

"ხვალ იყო ომი" - ასე ჰქვია ამ ნამუშევარს, რომელიც ვიდეოთამაშს ჰგავს. სიტყვების ლაბირინთში მაყურებელი გზის გაკვლევას ცდილობს, რა დროსაც 90-იან წლებში აფხაზეთის და ომის შესახებ გამოქვეყნებული სტატიების სათაურებს ხვდება. მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ეს ნამუშევარი ხელოვნების და ტექნოლოგიის სინთეზია, რასაც მედია არტი ეწოდება.

ასეთი ნამუშევრების შექმნა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რადგან თითოეულ ნამუშევარზე ხელოვანებთან ერთად პროგრამისტების და გრაფიკოსების ჯგუფები მუშაობენ. არტისტების დაფინანსება პრობლემა იყო, თუმცა გაჩნდა ახალი გარანტიები, "იუნესკომ" თბილისს შემოქმედებითი ქალაქის სტატუსი მიანიჭა, რაც საჯარო უწყებებს მედია ხელოვანების დაფინანსებას ავალდებულებს.

სტატუსი თბილისს 4 წლის განმავლობაში ექნება და რადგან მთავარი აქცენტი მედია ხელოვნებაა, არტისტები იმედოვნებენ, რომ ამ მიმართულებით საგანმანათლებლო სივრცეებიც გაჩნდება.

შემოქმედებითი ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად აპლიკაციის წარდგენა თბილისის მერიის ინიციატივა იყო. სტრატეგიული გეგმის დაწერაში ჩართული იყო როგორც საჯარო სექტორი, ისე კერძო ორგანიზაციები.

თბილისს უკვე რამდენიმე თვეა იუნესკოსგან   "წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" სტატუსი აქვს მინიჭებული, რომელიც მიმდინარე პროექტია და მას აქტიურად აკვირდებიან "იუნესკოს" წარმომადგენლები, რადგან ლიტერატურული მიმართულებით წარმატებით მიმდინარე გეგმა, ახალი სტატუსის მიღების წინაპირობაც გახდა. მოლოდინი დიდია, რომ სტატუსი მედია ხელოვანებისთვისაც იმდენად ნაყოფიერი იქნება, როგორც ეს სალიტერატურო სფეროს წარმომადგენლებისთვისაა.

პლატფორმა "მდგომარეობებს შორის" ფოკუსირებულად მუშაობს მედია ხელოვნების მიმართულებით. თანამშრომლობს როგორც საქართველოში მცხოვრებ ხელოვანებთან, ისე იმ ქართველ არტისტებთან, ვინც საზღვარგარეთ მუშაობს. მათ შექმნეს დიდწილად გეგმის მთავარი კონცეფციაც.

შემოქმედებითი ქალაქის სტატუსის 4 წლიანი წამზომი უკვე ჩართულია, მედია არტისტებისთვის კონკურსები იანვრიდან გამოცხადდება. სტატუსი ასევე მიენიჭა ბათუმსაც, თუმცა ზღვისპირა ქალაქში პრიორიტეტი იქნება არა მედია ხელოვნება, არამედ მუსიკა. "იუნესკომ" ჩვენი ორი ქალაქის გარდა კიდევ მსოფლიოს 48 სხვა ქალაქი გააწევრიანა შემოქმედებითი ქალაქების ქსელში.

დღის ამბები