პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართველობის ეს ფორმა რაიმე რისკებს არ აზღვევს.
"კოალიციური მთავრობა არა მგონია, რომ ვინმესთვის დამამშვიდებელი იყოს ან რაიმე რისკებს აზღვევდეს, იმიტომ, რომ საქართველოში ნებისმიერის, რევოლუციური ხელისუფლების ცვლილების დროს, გინდა 2003 წელი აიღეთ, გინდა 2012, სულ იყო კოალიციური ხელისუფლება პირველად სათავეში. სისტემის რევოლუციური ცვლილებები გვჭირდება და ჩვენ სისტემას თუ არ ვცვლით, საბოლოო ჯამში ვიღებთ ბელადს, რომლის გარშემოც კონცენტრირდება მთელი პოლიტიკური სპექტრი. ეს არის ჩვენი პრობლემა, იმიტომ, რომ ახლაც რომ რამე მოხდეს, მესამე ვინმე ბელადი რომ გამოჩნდეს, იმის გარშემოც, რაღაც პერიოდის შემდეგ ზუსტად ანალოგიური სიტუაცია შეიქმნება," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა "ღამის კურიერში" განაცხადა, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ხელისუფლებას თავად მიჰყავს ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებამდე.
"ჩემი აზრით, ეს "ქართულ ოცნებას" მიჰყავს ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებამდე და დესტაბილიზაციამდე. იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" ფაქტიურად მიხეილ სააკაშვილს იმიჯს უსუფთავებს ბოლო პერიოდის ქმედებებით. მე რომ ვუყურებ, მიხეილ სააკაშვილი მიუხედავად იმისა, როგორი იყო ჩემი განწყობა მანამდე, სუფთა ადამიანურად მეცოდება. როგორც კი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას შეეცოდება, "ქართული ოცნება" დასრულებულია,“ - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.