ირაკლი კობახიძის წერილი, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, პოლიტიკური შეფასებების თემაა.
ირაკლი კობახიძის განცხადებას მისი ოპონენტები კრიტიკულად აფასებენ.
"გუშინ კობახიძემ პირდაპირ თქვა სათქმელი. ფაქტობრივად, ყველა ხიდი დაწვა "ქართულმა ოცნებამ" ევროპისკენ. ჩვენ უკვე გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის წარმომადგენლების ძალიან მკაფიო, გაოცებული პასუხი კობახიძის განცხადებაზე. ჩვენ ძალიან ვშორდებით ევროპას," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.
კობახიძის განცხადებები სრულად გასაგებია მმართველი გუნდისთვის.
"კობახიძის განცხადება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდა და რომც არ გავითვალისწინოთ დღევანდელი პოლიტიკური ჭრილი, მისი განცხადება არის საკუთარ ქვეყანაზე და სახელმწიფოზე მოაზროვნე ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობაა, რომელშიც მისივე თქმით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან ერთად, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც.