16 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
კიდევ მეტი აქტუალიზაცია ხდება ამ საკითხის, მსოფლიო ბანი ჩაერთვება და პროტესტის სხვადასხვა კერა გაჩნდება - სერგო ჩიხლაძე

პარლამენტში შიმშილობას აგრძელებენ დეპუტატები, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას გუშინ მიმართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ.

"სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ პროტესტის მსგავსი მუხტი კიდევ უფრო ჯაჭვურ რეაქციას მიიღებს.

"კიდევ მეტი აქტუალიზაცია ხდება ამ საკითხის, ჩვენ ვხედავთ, რომ მარტო პარლამენტის დეპუტატებით არ შემოიფარგლება. ჩემი რამდენიმე კოლეგა ჩაერთო ამაში დღეს, მსოფლიო ბანი ჩაერთვება და პროტესტის სხვადასხვა კერა გაჩნდება. იქნება საპროტესტო აქციები, ეს მუხტი არ ჩაცხრება ხელისუფლების უგუნურობის გამო კიდევ უფრო ჯაჭვურ რეაქციას მიიღებს," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

"გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დაძაბულობიდან გამოსვლა შეუძლებელი იქნება იმ პირობებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საპატიმროში იმყოფება.

"მინდოდა, რომ მოშიმშილე ადამიანებისთვის სოლიდარობა გამომეხატა და მათთან ერთად მეფიქრა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან, სადაც ვართ და სადაც ყოველდღიურად იძაბება სიტუაცია.

ზოგადად მე მაინც ვიფიქრებდი არა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მხოლოდ საავადმყოფოში, შეიძლება ახლა სასწრაფო სიტუაციაა რაღაც თვალსაზრისით, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ დაძაბულობიდან გამოსვლაზე, რაც ჩემი აზრით შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ზის ციხეში," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ გამოსავალი მხოლოდ ერთია და ეს არის სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

"დღეს მოვედი, რომ სოლიდარობა გამოვხატო ადამიანური და პოლიტიკური, ჩემი კოლეგების მიმართ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. გამოსავალს ვხედავ ძალიან კონკრეტულს და ერთს, ეს არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, რაც ამ ადამიანების და მის შიმშილობასაც შეწყვეტს და პროცესებს დააბრუნებს იმ კალაპოტში, რომელიც თავიდან აგვაცილებს 90-იანი წლების განხეთქილებას და სამოქალაქო კატასტროფას ქვეყანაში," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან პროფესიონალი ექიმების შესვლას ითხოვენ იმისათვის, რომ დაზუსტებით გაიგონ არის თუ არა შესაძლებელი მე-18 დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა.

"მაშინ, როდესაც ამ კონსილიუმს დღემდე არ მიეცა საშუალება, რომ შესულიყვნენ და დაეთვალიერებინათ, მაშინ როდესაც ევროპარლამენტარებს არ უშვებენ, როდესაც ადვოკატები ამბობენ, რომ იქ მხოლოდ და მხოლოდ წნევის აპარატი დგას და ერთი კინკილა ექიმი გვერდზე ოთახში ყარაულობს და თუ დაუძახებენ მაშინ ახდენს რეაგირებას, მაშინ რა სამედიცინო მომსახურეობის უზრუნველყოფაზეა საუბარი. ამას ვითხოვთ ჩვენ, რომ შევიდნენ პროფესიონალი ექიმები, რომლებიც დასკვნას გამოიტანენ და იტყვიან არის თუ არა შესაძლებელი იქ შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა ჯანმრთელობის მდგომარეობის," - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.

დღის ამბები