"ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, მოქალაქეები თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავენ. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, მოქალაქეები მეტროსადგურ ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობისთვის ემზადებიან.
როგორც დაანონსებული იყო, აქციის მონაწილეები საავტომობილო გზას 15:00 საათიდან გადაკეტავდნენ, თუმცა სააკაშვილის მხარდამჭერები, ჯერჯერობით, კვლავ მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.
"სანაპირო 2 საათით იქნება ჩაკეტილი და ტყუილად ნუ ავრცელებს რაღაც განცხადებებს შსს. პოლიცია ვალდებულია მანიფესტანტების უფლებები დაიცვას. არავის არ ეშინია არც მაგათი წყლის ჭავლების და არც რობოკოპების, ჩვენ ნანახი გვაქვს, როდესაც ეს ძალა გამოიყენეს, საბოლოო ჯამში რითი დამთავრდა. ასე რომ დროულად მოეგონ გონს და გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ზაალ უდუმაშვილი.
ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადაიყვანენ, ისინი წინააღმდეგობრივ აქციებს კიდევ უფრო გაამწვავებენ.
"ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას, ანუ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტირებულ უფლებას ვითხოვთ. შესაბამისად, ჩვენი აქციის მთავარი სათქმელიც ეს არის. თუ ისინი ამას არ გაიგებენ, ჩვენ მოგვიწევს წინააღმდეგობრივი აქციების, ოღონდ არა ძალადობრივი აქციების კიდევ უფრო გამწვავება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ლევან ხაბეიშვილი.
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ პოლიცია კანონდარღვევის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებს.