მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ე.წ. პოლიტიკური აქციის მიზანი, რომელიც დეპუტატებმა დაიწყეს, საბოლოო ჯამში, ბუნდოვანია.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილი საკითხს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი ე.წ. შიმშილობის აქცია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.
"ჩვენ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ამ 40-ზე მეტი დღის განმავლობაში მისი ე.წ. შიმშილობის აქცია მიმდინარეობს მუდმივად სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ვიცით, რომ მისი შიმშილობის ფორმიდან და კვების რაციონიდან გამომდინარე, რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხე მის ჯანმრთელობას არ ექმნება," – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
როგორც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მისი სურვილისამებრ აირჩიოს პროტესტის ის ფორმა, რომელიც მას სურს.
"ყველა ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს პროტესტის ის ფორმა, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ თუ კი ფიქრობს, რომ პროტესტი მას სჭირდება. რაც შეეხება შინაარსს ამ პროტესტისა, 45 დღე გავიდა თუ არ ვცდები მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და თითქმის 45 დღეა ჩვენ ყოველდღიურად გვესმის, რომ მას სჭირდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა იმიტომ, რომ ვერ იღებს სერვისს და ყოველ დღე ადასტურებს, რომ მას ყოველ დღე მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო აღნიშნავს, რომ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ექიმები უნდა შეჯერდნენ ერთმანეთში და არა პოლიტიკოსები.
"რატომ ითხოვენ სამოქალაქო დაწესებულებას - ორად ორი კრიტერიუმია, რაც დარჩა, რომ ელექტრომაგნიტური რეზონანსი და კათეტერიზაციის ლაბორატორია არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. უამრავ კლინიკაში არ არის ეს ორი და თუ კი საჭირო გახდა, ამისი გზა ბევრჯერ არის გავლილი, როგორ გადაიყვანონ და ჩაუტარონ ეს კვლევა, რომელიც არ არის პირველი რიგის მოთხოვნებს შორის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ექიმები უნდა შეჯერდნენ ერთმანეთში, და არა პოლიტიკოსები," - განაცხადა დავით სერგეენკომ.