16 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
რაში დაიხარჯა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ხარჯებისთვის განკუთვნილი 9 მილიონი - ექსპრეზიდენტის პროცესი დღესაც მსჯავრდებულის გარეშე შედგა

რა ფორმით მიიღებდა მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესში - ეს იყო საკითხი, რომლის ირგვლივ კამათი 4 საათის განმავლობაში არ შეწყვეტილა. საბოლოოდ კი, სხდომა ისე დასრულდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

განსხვავებული შუამდგომლობების მიუხედავად, სასამართლო პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ განცხადებას დაეყრდნო, რომელიც სხდომის დაწყებამდე გავრცელდა. უწყებამ სასამართლოში გადაყვანის რეკომენდაცია არ გასცა.

იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ შიმშილობს და ყოველდღიურად მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ისმის განცხადებები, ადვოკატები ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოში გადაყვანას კატეგორიულად მოითხოვდნენ. ამასთან, მოსამართლეს მოუწოდებდნენ დაესაბუთებინა, თუ რატომ გაიზიარა პენიტენციური სამსახურის პოზიცია.

სხდომაზე და სხდომის შემდეგაც კრიტიკა ისმოდა სასამართლოში არგადაყვანის იმ მიზეზის ირგვლივაც, რომელიც სუსის მიერ გამოძიების დაწყებას, ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ქუჩების ბლოკირებას და ამით, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისთვის საფრთხის შექმნას ეხება. პროკურორების შეთავაზების მიუხედავად დაცვის მხარე არც ამჯერად დაეთანხმა სააკაშვილის პროცესში დისტანციურად ჩართვას ან პროცესის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართვას.

დაახლოებით 9 მილიონი ლარის გაფლანგვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირადი და ოჯახის წევრების კომფორტის, სამედიცინო, კოსმეტიკური თუ სარელაქსაციო პროცედურების, დასვენების, ძვირფასი საჩუქრების შეძენისა და სხვა პირადი მიზნებისთვის - მიხეილ სააკაშვილისთვის 2014 წელს წარდგენილი ბრალდების საქმე კვლავ არსებით ეტაპზეა და მოწმეების გამოკითხვით გრძელდება. იმ განსხვავებით, რომ ყოფილი პრეზიდენტი ახლა საქართველოში პატიმრობაში იმყოფება და სასამართლო განხილვაში ჩართვის შესაძლებლობა არსებობს.

მორიგი სხდომა 2 დეკემბერს დაინიშნა. დიდი ალბათობით მთავარი ინტერესის საგანი მომდევნო პროცესზეც მისი მონაწილეობის საკითხი იქნება.

დღის ამბები