"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ვინმეს ინტერესში იყოს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება. მამუკა მდინარაძეს უკვირს ოპოზიციის მოთხოვნების - გადაიყვანონ სააკაშვილი საავადმყოფოში, რადგან მისი განმარტებით, მსჯავრდებული პრეზიდენტი უკვე მულტიფუნქციურ კლინიკაშა მოთავსებული, რომელიც პენიტენციურ სისტემას ეკუთვნის.
"ორი კვირაა ითხოვენ გადაიყვანონ კერძო კლინიკაში - ზოგი საავადმყოფო, ამბობს და ისიც ვერ გაიგეს, რომ საავადმყოფოშია ის ადამიანი, ოღონდ პენიტენციური სისტემის დაწესებულებაში, საავადმყოფოში და თან მულტიფუნქციურში.
როდესაც კადრებზე მიდის საუბარი, თავად არ ითხოვდნენ ამ კადრების გამოქვეყნებას სამი დღის განმავლობაში, თუ ეს მართლაც ტყუილია რასაც ჩვენ ვამბობთ? მოდით გამოაქვეყნონ კადრებიო და შემდეგ აღშფოთდნენ კადრების გამოქვეყნებაზე.
პირველი კითხვა - ორი კვირის განმავლობაში რა სამედიცინო სერვისის გაწევა სჭირდებოდა, სააკაშვილს და ვერ ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება? კონკრეტულად რა სჭირდებოდა და რა ვერ განხორციელდა?
მეორე კითხვა - დღეის მდგომარეობით, როცა ასევე ითხოვენ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანას ოღონდ კერძოში, რა სამედიცინო ჩარევის საჭიროებაა, რომელიც შეუძლებელია ჩატარდეს პენიტენციური სისტემის სამედიცინო დაწესებულებაში? დაასახელონ ერთი თუნდაც.
ასევე შემდეგი კითხვა - ევროსასამართლოს გადაწვეტილების შესრულებისკენ, რომელიც დაჟინებით მოითხოვა, ვინმე მოუწოდებს პატიმარ სააკაშვილს, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა?
მართლაც, ხომ არ აქვს გართულების ინტერესი სხვა მხარეს? შეუძლებელია ეს ინტერესი რომელიმე ადამიანს, თუ ის მართლაც ადამიანია, ჰქონდეს. თუნდაც არაადამიანი იყოს, ვინმე ხელისუფლებაში, მას ჰქონდეს სუბიექტურად თუნდაც ეს ინტერესი, ამ დაშვებას გავალ და ამ შეკითხვასაც დავსვამ რიტორიკულად, როგორ შეიძლება, რომ ეს ინტერესი თუნდაც, რომელიმე არაადამიანს სადმე ჰქონდეს, სიცოცხლეს როცა ეხება და ადამიანის ჯანმრთელობას, ვინც არ უნდა იყოს და რა ბნელი და დანაშაულებრივი წარსულის არ უნდა იყოს ის ადამიანი,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.