პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მისასალმებელია ის, რომ იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ის მუდმივი მეთვალყურეობა და დაკვირვება, რაც მასზე მიმდინარეობს, იქნება ყოველდღიურად გამოტანილი და საზოგადოებას ექნება სრულყოფილი ინფორმაცია.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისათვის, უფრო რეალისტურ მიზნებს დაასახელებს:
"მისასალმებელი არის ის, რომ იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის გადაწყვეტილებით, ის მუდმივი მეთვალყურეობა და დაკვირვება, რაც სამედიცინო კუთხით მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, იქნება ყოველდღიურად, პროაქტიურად გამოტანილი და საზოგადოებას ექნება სრულყოფილი ინფორმაცია.
თვითონ ის, რომ გადაყვანილ იქნას პატიმარი სამოქალაქო კლინიკაში, სამედიცინო მდგენელი ამ საკითხს თავიდან ბოლომდე, ჩემი აზრით, მოხსნილი და გამოცლილი აქვს.
საბოლოო ჯამში, კარგი იქნება, თუ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისათვის, უფრო რეალისტურ მიზნებს დაასახელებს და არა იმ სპეკულატურ მიზანს, რაც საბოლოო ჯამში, სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან არანაირ კავშირში არ არის.
მათ რომ აინტერესებდეთ ამ ადამიანების ჯანმრთელობა, ერთი მოწოდება მაინც იქნებოდა რომელიმე მათგანის მიერ, ან ოჯახის წევრის მხრიდან, რომ შეეწყვიტა ამ ადამიანს ეს ე.წ. შიმშილობის აქცია, რომელსაც ასევე დაჟინებით ითხოვს სტრასბურგის სასამართლო.
უნდა ვიცოდეთ ყველამ და პირველ რიგში საზოგადოებამ, რომ მისი არც ეს ე.წ. შიმშილობა და არც ქვეყანაში შემოპარვა, სხვას არაფერს ითვალისწინებდა თუ არა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის კიდევ უფრო ესკალაციას.
ოპოზიციამ ორივე ეს არჩევნები წააგო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი არ აჩერებენ მცდელობას, რომ ქვეყანა დესტაბილიზაციაში შეიყვანონ და ეს არის სწორედ ჰიბრიდული ომის ყველაზე ნათელი მაგალითი.
ჩვენ, როგორც სახელმწიფო, "ქართული ოცნება" როგორც პოლიტიკური გუნდი, რომელიც დღეს არის მმართველი პარტია, არავითარ შემთხვევაში არ მისცემს არავის საშუალებას, რომ ჰიბრიდული ომის ეს სცენარები საქართველოში განხორციელდეს და რეალობად იქცეს;
ჩვენს ქვეყანას ევოლუცია სჭირდება და არა თითიდან გამოწოვილი რევოლუცია, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის არასდროს არაფერი მოუტანია,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.