მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. გლდანის ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებიდან სააკაშვილის გადაყვანაზე კი უარი კვლავ პენიტენციურმა სამსახურმა თქვა. სასამართლო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავს.
ექსპრეზიდენტის უფლებადამცველი, ბექა ბასილაიას განცხადებით, სასამართლოს სურს სააკაშვილის საქმე "ერთ მონიტორში" ჩაატიოს, რადგან დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და მედიას პროცესზე დასწრების უფლება არ მიეცა.
"მიხეილ სააკაშვილს, სრული უფლება აქვს სასამართლო პროცესზე დასწრების. სასამართლო პროცესზე დასწრების შეზღუდვის პირობებში, დისტანციური პროცესის გამართვა ცალკე კანონდარღვევა იქნება. მათ უნდა, რომ ერთ მონიტორში ჩაატიოს მთელი ეს საქმე ისე, რომ საზოგადოება ამაზე ინფორმირებული არ იყოს,“- განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო დარბაზში, სასამართლოს და ბრალდების მხარის აცილება მოითხოვა.
"დავით კურტანიძემ გააჟღერა, რომ მისი თვითმიზანი არ არის სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში. ბუნებრივია ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ჩვენ არ გვქონდა მორალური უფლება, არ მოგვეთხოვა სასამართლოს და ბრალდების მხარის აცილება, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია არ გვქონდა ილუზია, რომ ეს იქნებოდა დაკმაყოფილებული, ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვიყავით, ეს მოთხოვნა სასამართლოს დარბაზში დაგვეყენებინა,"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.