16 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
კამო პეტროსიანი არ ჩადიოდა ისეთ რამეებს რასაც სააკაშვილი აკეთებდა, მაგრამ კადრები რაც ვნახეთ იყო უღირსობა - ალეკო ელისაშვილი

ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი სამოქალქო კლინიკაში გადაყვანა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატებმა დღეს კონკრეტული კანონპროექტების განხილვამდე, პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნება იყო უღირსობა. 

"კამო პეტროსიანი არ ჩადიოდა ისეთ რამეებს რასაც სააკაშვილი აკეთებდა, მაგრამ ის კადრები რაც ვნახეთ იყო უღირსობა. ამიტომ ის ადამიანური უპირატესობა რაც გქონდათ დაკარგეთ უკვე. პოლიტიკას ორი განზომილება აქვს ადამიანური და პრაგმატული თქვენ პრაგმატულადაც დაზიანდით,"-აცხადებს ელისაშვილი. 

პარლამენტის ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" წევრი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დროულად უნდა გადაიყვანონ კლინიკაში. 

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნებისა" და ენმ-ს ჩხუბში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

"არ მესმის როგორ უნდა დამთავრდეს ის კრიზისი, რომელიც "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არსებობს. იმიტომ არ მესმის, რომ ბევრი რამ ჩემთვის უცნობია და თეთრი ლაქები მაქვს ამ ამბავში. დრო გავა და გამოჩნდება ყველაფერი. ვიდრე ეს გაურკვეველი სიტუაციაა, ჩვენი, ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიციაა, რომ ორივე მხარეს მოგცეთ რაღაცნაირი შესაძლებლობა ჩვენთან თანამშრომლობის, როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე "ნაციონალურ მოძრაობას". ამ ჩხუბში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვინდა, იმიტომ, რომ არ გვესმის ამ ჩხუბის შინაარსი და ბევრი დეტალი,"- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღის ამბები