"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას თალაკვაძემ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, ეს დაწესებულება აღჭურვილია ყველა საბაზისო აპარატურით და შესაბამისი სამედიცინო პერსონალით, რომელიც მზად არის როგორც მიმდინარე, ასევე, კრიტიკული სიტუაციებისთვის.
"რა არის ეს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ჩარევა? დღემდე არც დაცვის მხარისგან, არც მისი პოლიტიკური თანამებრძოლებისგან ჩვენ არ მოგვისმენია. სამაგიეროდ ადამიანებისგან, რომლებიც სხდომებს აცდენენ მოვისმინეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, რომ ჯერ საავადმყოფოში გადავიყვანოთ სააკაშვილი და მერე გავათავისუფლოთო,"- აცხადებს თალაკვაძე.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უგუნურობამ დააკარგვინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ი.
"ამ უსასტიკესი რეჟიმის მიერ შეკრებითობის პრინციპი რომ დაეტოვებინა "ქართულ ოცნებას" დღეს 36 წელი მიესჯებოდა ამ არსებას, რომელიც ახლა თითქოს შიმშილობს. სააკაშვილის უგუნურმა ქმედებამ დაგვაკარგინა ჩვენი ტერიტორიების 20%-ი. მის მაღალ "პატრიოტულ“ მოტივს დავარქმევდი - რომ არა რეზოლუციის ჩანაწერი, ჩემმა კოლეგებმა ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრეს, მაგრამ ამ საზოგადოების წევრებს ჟარგონულ ენაზე განვუმარტავ, იცით რა ჩანაწერია? რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები და რუსეთი იძულებული იყო პასუხი გაეცა. საერთაშორისო დონეზეც "გაუპრავეს" რუსეთს საომარი მოქმედებები და ეს ნაძირლები ანწუხელიძის ზურგს უკან არიან ამოფარებულები. ეს "გააპრავეს" ამათმა და კიდევ ბევრს ბედავენ. ელენეს მინდა მივმართო, ნუთუ არ არის საკმარისი ის რაც მე ჩამოვთვალე? არ ღირს თავგანწირვა,"- აცხადებს ყაველაშვილი.