16 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
რას ფიქრობენ პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე - გამოხმაურებები "ლელოს" ინიციატივაზე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ მას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სააკაშვილის გორში გადაყვანის წინადადებით მიმართეს, თუმცა თავადვე საუბრობდნენ საფრთხეებზე, პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა. კახა კუჭავას არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად რომელმა პოლიტიკოსებმა წამოჭრეს საკითხი მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა.

თუმცა, ფრაქცია "ლელოში" ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ ეს საკითხი მათი მხრიდან იყო დაყენებული, რაც მათი შეფასებით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ერთ-ერთი გზაა.

"ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გასაწევად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გორის ჰოსპიტალი იქნება სწორი გადაწყვეტა საკითხის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე არ იდოს სასწორზე. მე რამდენადაც აქვს ინფორმაცია მამუკასა და ბადრის მხრიდან, ეს გამოსავალი გაჟღერებული იყო. საფრთხეები არ არის შემოსაზღვრული რომელიმე ერთი კონკრეტული ლოკაციით. ჩვენ ვიცით, რომ რუსული რბილი ძალა მოქმედებს ხელისუფლების მიმართულებითაც და თბილისშიც. არ არის ეს შემოსაზღვრული გორითქუთაისითკაქსპით თუ ა.შ."- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ კოლეგების მხრიდან მათთან ეს საკითხი წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა. 

"ჯერჯერობით ჩვენ არ მიგვიღია რაიმე ოფიციალური გზავნილი გორის ჰოსპიტალთსან დაკავშირებით. ჩვენმა პარტიამ "ქართულ ოცნებას"შესთავაზა შემდეგი ფორმატი, რომ შეიქმნას ჯგუფი, სადაც იქნება მისი პირადი ექიმი, ადვოკატი, ჩვენი პარტიის წარმომადგენელი და ოჯახის წევრი. ამის შემდეგ კი, განვიხილოთ ყველანაირი უსაფრთხოების მომენტი. თუმცა ამ შეთავაზებაზე კონკრეტული გზავნილები არ მიგვიღია,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების ნაწილი კი, ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემთხვევაში, გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობენ.

"მე დარწმუნებული ვარ, თუ ეს "ლელოს" ინიციატივა იყო, იყო მხოლოდ კეთილი ზრახვებიდან გამომდინარე. უბრალოდ ჩვენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანაში ვხედავთ სხვა საფრთხეებს, რომელიც ასე თემატურად არ იყო წინასწარ გავლილი სხვა პარტიებთან," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ზაალ უდუმაშვილი. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სურვილია, ყველაფრის ფასად ყველაფერზე წავიდნენ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინონ.

დღის ამბები