16 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
ველი უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას, ეს იქნება NATO-სთვის შესაძლებლობა, რათა დაადასტუროს მტკიცე მხარდაჭერა - იენს სტოლტენბერგი

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები დილიდან ბრიუსელში შეიკრიბნენ, მათი ყურადღება ახლა ევროპის აღმოსავლეთისკენაა მიპყრობილი - შეხვედრის თემა, ერთის მხრივ, უკრაინის საზღვართან რუსეთის მასშტაბური მილიტარიზაციაა, მეორეს მხრივ კი ბელარუსის მიერ ორკესტრირებული მიგრანტთა კრიზისი მეზობლების საზღვრებთან.

დღევანდელ შეხვედრას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც ესწრება, რომელმაც მანამდე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შავი ზღვა, საქართველო და უკრაინა ალიანსის ყურადღების ცენტრში რჩება.

გენერალური მდივნის მოლოდინით რიგასა თუ მადრიდში ჩანიშნულ მომავალ შეხვედრებზე NATO ამას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურებს. 

"ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ უკრაინასთან და საქართველოსთან, რადგან ისინი ახლო პარტნიორები არიან. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათ მხარდაჭერას, როგორც თავდაცვითი უნარების ამაღლებით, ასევე წვრთნებით. ასევე, ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ამ სახელმწიფოებთან ერთად მჭიდროდ ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონშიც - ეს კი მხოლოდ საქართველოსთვის და უკრაინისთვის კი არ არის კარგი, არამედ ალიანსისთვისაც, რადგან შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

მე ალიანსისგან ველი იმას, რომ როდესაც მომავალ ივნისს სამიტზე, მანამდე კი მომავალ თვეს რიგაში შეიკრიბებიან თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, ისინი ხელახლა დაადასტურებენ მათ მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ორივე ახლო პარტნიორის მიმართ. მე ველი უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას. ეს იქნება ალიანსისთვის კარგი შესაძლებლობა, რათა დაადასტუროს მტკიცე მხარდაჭერა ორივე სახელმწიფოს მიმართ. ასევე, მთელი შავი ზღვის მიმართაც. უკრაინა და საქართველო შავი ზღვის სახელმწიფოები არიან, ამას კი NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამ ქვეყნებთან ახლო პარტნიორობა კი ისაა, რასაც ძალიან ვაფასებთ,"-განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები