სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად N18 სამკურნალო დაწესებულებაში ექსპრეზიდენტი უნდა მოინახულოს.
"არაერთგზის გამოვუცხადე საჯარო ნდობა სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის შემადგენლობას, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახალხო დამცველმა საკუთარი მანდატის ფარგლებში შექმნას ექსპერტთა ჯგუფი იმისათვის, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის მათ მოამზადონ ექსპერტული სამედიცინო დასკვნა," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის დროს დაბრკოლება არასდროს შექმნია.
კლინიკაში სახალხო დამცველთან ერთად იმყოფება ექიმი რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, რომლის თქმითაც, შემოწმდება როგორც პაციენტის ჯანმრთელობა, ასევე კლინიკის მდგომარეობაც.
"ჩვენი კომისიის მთავარი ინტერესი არის ორი: ერთი - ვნახოთ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რამდენად საჭიროებს გადაყვანას და მეორე - რა მდგომარეობაშია თავად ციხის კლინიკა, რამდენად შესაძლებელია აქ ავადმყოფის მკურნალობა," - აღნიშნა გიორგი გრიგოლიამ.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის ჰოსპიტალში 47-ე დღეა შიმშილობს. ექსპრეზიდენტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეცვლის - თუკი შემდგომი რეაბილიტაციისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.