ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდის ლიდერებმა, ელენე ხოშტარიას სთხოვეს, რომ შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა "დროას" ლიდერი ამ პოზიციას არ იზიარებს.
მისი თქმით, ორივე მხრიდან საკმაოდ გულწრფელი საუბარი იყო.
"ჩვენ ელენე ხოშტარიასთან გვქონდა საკმაოდ გულწრფელი საუბარი. ბუნებრივია, ჩვენს თხოვნებს, რომელიც ჩვენ მასთან გვქონდა, დადებითი პასუხი ვერ ექნებოდა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ახლა ელენეს ეთქვა - უი, კი ბატონო, რადგან ასეა, მე ახლავე შევწყვეტ შიმშილობას - ჩვენ ასეთი მოლოდინიც არ გვქონდა. უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ბუნებრივია, ეს ადამიანი ამ პოზიციას არ იზიარებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ელენე ხოშტარია, დღეს ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და მამუკა მდინარაძემ მოინახულეს. ელენე ხოშტარია მე-15 დღეა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.