გლდანის ციხესთან ქალთა აქცია იმართება. სხვადასხვა პროფესიის ქალები მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას და ხელისუფლებისგან ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის აღებას ითხოვენ.
გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს, გუშინ ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველის ოფისთან ჩამოყალიბებული სამედიცინო ჯგუფის სტუმრობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის შეფასებები გააცნო. როგორც შოთა თუთბერიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მონიტორინგის ჯგუფის სტუმრობისას, საავადმყოფოს პერსონალმა ვერ შეძლო იმ აპარატურის გამოყენება, რომელიც ამ კლინიკაში ბოლო პერიოდში მიიტანეს.
ადვოკატის თქმით, ექსპრეზიდენტი მადლიერებას გამოხატავს ამირან გამყრელიძისა და დავით სერგეენკოს მიმართ, მათ მიერ დაფიქსირებული პოზიციის გამო.
შოთა თუთბერიძე, ასევე, აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილთან დაშვებული იქნეს მისი პირადი ექიმი, რათა ექსპრეზიდენტმა აუცილებელი მედიკამენტების მიღება გააგრძელოს.
"მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები, კერძოდ, კალიუმის მაჩვენებელი გუშინ იყო კრიტიკულ ზღვარს დაბლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი, მათ შორის ის, რაც გენადი ბესტაევს დაემართა.
პრეზიდენტი მადლიერებას გამოხატავს იმ კონსილიუმის მიმართ, რომელიც გუშინ ესტუმრა და შეისწავლა. ასევე, აღნიშნავს, რომ მისი გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პერსონალმა არ იცოდა იმ აპარატურის გამოყენება, რომელიც არის ამ კლინიკაში სასწრაფო წესით მიტანილი.
ამასთან, ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც პოლიტიკურ შეხედულებებზე მაღლა დააყენა პროფესიული და სამოქალაქო ეთიკა და დააფიქსირა საკუთარი გულწრფელი პოზიცია, მათ შორისაა ბატონი ამირან გამყრელიძე და დავით სერგეენკო, ეს პრეზიდენტის პოზიციაა.
ასევე, მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ, პირადი ექიმის ვიზიტები მე-18 დაწესებულებაში, რამდენიმე დღეა ნიკა ყიფშიძე ვერ ახერხებს პრეზიდენტის მონახულებას, არადა ის არის პირადი ექიმი და მისი ჩარევის გარეშე მკურნალობა შეუძლებელია.
მოვუწოდებთ პენიტენციურ სამსახურს, დაუშვან ექიმი და დაივიწყონ ბრაზი, რაც, სავარაუდოდ, მათ აქვთ პირადი ექიმის მიმართ. ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილი წამლებსაც არ იღებს, ერთადერთი შემთხვევა რა დროსაც მან შეიძლება მედიკამენტების მიღებაზე იფიქროს, არის ის თუ ამას ეტყვის მისი პირადი ექიმი," - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.