შიმშილობის 48-ე დღეს მიხეილ სააკაშვილს დღეს მხოლოდ ერთი მნახველი ჰყავდა. ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან სააკაშვილის რამდენიმე გზავნილი გამოიტანა, მათ შორის პოზიცია, რომ პირად ექიმთან შეხვედრამდე მედიკამენტების მიღებაზე ის უარს ამბობს.
ადვოკატისგან განსხვავებით, პენიტენციური სამსახურის ექიმმა, მიხეილ სააკაშვილის გაუმჯობესებულ ანალიზებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ სააკაშვილი საჭირო მედიკამენტებს იღებს და მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის.
ექსპრეზიდენტის მდგომარეობას დღეს არ გაცნობია სახალხო დამცველთან შექმნილი მედიკოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის პალატა და დაწესებულების აღჭურვილობა პოზიტიურად შეაფასა. მან ციხის კლინიკის პრობლემად, პენიტენციური სამსახურის თერაპიული განყოფილების პერსონალის გამოუცდელობა დაასახელა.
გიორგი გრიგოლიას ამ შეფასებას კატეგორიულად არ იზიარებს პენიტენციური დაწესებულების თერაპევტი, რომელიც განმარტავს, რომ კლინიკას რესპუბლიკური საავადმყოფოდან ხელშეკრულებით მოწვეული კვალიფიციური მედიკოსები ემსახურებიან. მათი გამოცდილება კი ათასობით მოშიმშილე პატიმრის მკურნალობას და შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციას გულისხმობს.
ის, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი საიმედო მედპერსონალის ხელშია, დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. უმრავლესობაში ომბუდსმენთან შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს უნდობლობას უცხადებენ, ისევე როგორც ნინო ლომჯარიას.
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-10 დღეა გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული. პატიმრობის და შიმშილობის 48 დღეს მისი მთავარი მოთხოვნა ისევ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაა, რის შემდეგაც პირობას დებს რომ შიმშილობას შეწყვეტს.