16 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
"ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს" - რა შეფასებები მოჰყვა ომბუდსმენთან შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციებს მმართველ გუნდში

მმართველი გუნდის წევრის, ბექა დავითულიანის შეფასებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი პოლიტიზებულია და ჯანმრთელობა გამოიყენება ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად.

მისი თქმით, სახალხო დამცველმა ამ პროცესში კონკრეტული მხარე აირჩია.

"არ ვიცი ექიმების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა სუბიექტურია თუ არაა, თუმცა იქ შემავალი ადამიანების სტატუსები, რომ წამაკითხეს, მივხვდი, რომ მათ შეიძლება სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ. თუმცა ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ არასწორი დასკვნა დაწერეს.

როდესაც უწყებას მართული აქვს მინიმუმ 2 000 შიმშილობის შემთხვევა, ე.ი. ამ უწყებას აქვს გამოცდილება შიმშილობის მართვის სხვაზე მეტი. 

ჯანმრთელობა გამოიყენება როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის და აქ ვიღაცები, რაღაც ინსტიტუციები, პოლიტიკური ჯგუფები ირჩევენ მხარეებს, ჩემი აზრით, ნინო ლომჯარია გადახრილია ცოტა სხვა მხარეს," - განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის, სოზარ სუბარის შეფასებით, სასჯელაღსრულების სისტემას პატიმრების შიმშილობისა და თვითდაზიანებების მიყენების დიდი გამოცდილება აქვს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის რესურსი გააჩნია.

"მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი და დღე არ გავიდოდა ისე, რომ ვინმე არ შიმშილობდა, თვითდაზიანებებს არ იყენებდა, რაღაცა ნივთებს არ ყლაპავდა, პირს არ იკერავდა. ეს იყო სამწუხარო რეალობა და არის დღესაც სასჯელაღსრულების სისტემაში და თუ ვინმეს გააჩნია დიდი გამოცდილება ამ სიტუაციების მართვის, ეს არის სწორედ სასჯელაღსრულების სისტემა და მე-18 დაწესებულება," - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დავით სერგეენკოს შეფასებით, ექიმებზე უნდა გადაწყვიტონ პაციენტის მკურნალობა და არაა პოლიტიკოსებმა. ის კონსილიუმის ექიმებს და სასჯელაღსრულების სისტემის ექიმებს მედიაციას სთავაზობს.

"ვრჩები იმ პრინციპულ აზრზე, რომ ექიმებზე უნდა გადაწყვიტონ პაციენტის მკურნალობა და არაა პოლიტიკოსებმა. ვერ შევალ დისკუსიაში იმ დასკვნასთან, თუმცა მაქვს ჩემი მოსაზრებები. ერთადერთი რაც ძალიან მენიშნა არის, რომ მათ არ ჰქონიათ კომუნიკაცია სასჯელაღსრულების სისტემის ექიმებთან, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია და მე თვითონ შემიძლია მედიაცია გავაკეთო, რომ შეხვდნენ ერთმანეთს და გაესაუბრონ. ეს კლინიკური აუდიტი იდეაში ამოიწურა იმით, რომ აპარატურა შეფასდა, რაც არასაკმარისია," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.

დღის ამბები