მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა და ომბუდსმენთან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
ოპოზიცია ჯგუფს სრულ ნდობას უცხადებს და ისევ მსჯავრდებული პრეზიდენტის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
"გაკეთდა ობიექტური, პროფესიონალური, სამართლიანი დასკვნა და ამ შემთხვევაში პოლიტიკური მხარე ამას ეთანხმება თუ არაა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის პროფესიული დასკვნა, რომელსაც ვერავინ ვერ გააპროტესტებს, შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ამ პროფესიული დასკვნის შესაბამისი გადაწვეტილება. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად არცერთი მხარე არ უნდა გამოცხადდეს," - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ომბუდსმენთან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მაღალი სანდოობით გამოირჩევა და მათ კომპეტენციაზე კითხვები არ ჩნდება.
"ისინი არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ დარგებში ყველაზე მაღალი ხარისხის სანდოობით სარგებლობენ და საერთოდ სამედიცინო წრეებში კითხვაც კი არ არსებობს მათთან მიმართებაში - კომპეტენციასთან ან მიუკერძოებულობასთან. ძალიან მძიმე დასკვნა დაიდო," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ და აღნიშნა, რომ აღნიშნულ დასკვნა შეფასებები საერთაშორისო დონეზეც მოჰყვება.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.