16 ნოემბერი 2024,   14:03
ვრცლად
"მას რომ ჰქონდეს კაცობა, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას" - "ოცნებაში" ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე პასუხისმგებლობას სააკაშვილს აკისრებენ

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტის შენობაში შიმშილობას განაგრძობს ელენე ხოშტარია.

"დროას" დამფუძნებელი, პროტესტის უკიდურეს ფორმას, 3 ნოემბრიდან მიმართავს. 

მმართველ გუნდში, დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებენ. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ სააკაშვილია პასუხისმგებელი ყველაფერზე, მათ შორის - სხვების შიმშილობაზე. 

"მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, მათ შორის იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ. ელენე ხოშტარიაა მათ შორის განსაკუთრებული, რომელიც შიმშილობს უკვე 2 კვირაზე მეტია და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სერიოზული რისკის ქვეშ. მიხეილ სააკაშვილი არის ამაზე პასუხისმგებელი პირდაპირ. მას რომ ჰქონდეს კაცობა, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას, თუმცა მიხეილ სააკაშვილის კაცობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოდგენა და ეს წარმოდგენა არის ძალიან მყარი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძეს განმარტებით, ადამიანობა რომ ჰქონოდა სააკაშვილს, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას.

"40 დღის "ნაშიმშილარი" სააკაშვილი როგორ იქცეოდა და როგორი ფიზიკური მონაცემებით იყო წარმოდგენილი იმ კადრებში და როცა გუშინ მივედი და ელენე ხოშტარია მოვინახულეთ, შიმშილობის დაწყებიდან 15 დღის შემდეგ, ცასა და დედამიწას შორის როგორი სხვაობა, სიშორე და განსხვავებაცაა, ისეა [ხოშტარიასა და სააკაშვილს შორის]. მე, გულწრფელად, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა უფრო მაღელვებს, იმიტომ კი არა, რომ მის მიმართ უფრო ლოიალური ვარ, ამის უფლება არა მაქვს, იმიტომ რომ რეალურად მგონია, რომ მართლა გაცილებით ცუდად არის, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. ელემენტარული ადამიანობა რომ ჰქონოდა სააკაშვილს, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას,"- განმარტავს მამუკა მდინარაძე. 

ხოშტარია მედიის წარმომადგენლებთან ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად აღარ კონტაქტობს.

დღის ამბები