ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნინო ლომჯარიას მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილ ექსპერტთა წევრთა უდიდესი უმრავლესობა არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული. მისი თქმით, ამას თვეების განმავლობაში არ მალავდნენ, მათ შორის, საკუთარი საჯარო პოლიტიკური განცხადებებით.
კობახიძის თქმით, ბუნებრივია, კონსილიუმის მიმართ ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი და წინასწარ ადვილად პროგნოზირებადი იყო ე.წ. დასკვნა, რომელიც მომზადდა.
"ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით. ეს რომ არ გააკეთა, ეს კიდევ ერთი მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოებულობის. ანუ, იმთავითვე "ფეიკია" ის, რაც გააკეთა ე.წ. კონსილიუმმა. როცა იდება ასეთი ფეიკდასკვნა ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ, ეს ამ ეტაპზე არის ერთი მორიგი ფეიკი, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ თუ ამ ფეიკდასკვნას გაგრძელება მოჰყვა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რისიც ჩვენ გვეშინია, ამ შემთხვევაში, ეს მორიგი ფეიკი ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირ პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და კონკრეტული ექიმების," - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.