საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები, პანდემიის გამწვავებული ვითარება, ბორდერიზაციის უწყვეტი პროცესი, საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცების ფაქტები და სახელმწიფო მიერ გადადგმული საპასუხო ნაბიჯები - ამ თემებს მოიცავს შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ანგარიში.
თეა ახვლედიანი მოხსენებას პარლამენტის წევრებს აცნობს.
"მიმდინარე რუსული ოკუპაციითა და მისი თანმხლები უკანონო პროცესებით შექმნილი ისედაც მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ახალგორის რაიონი, სადაც წარმოქმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს საუბედუროდ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პანდემიის პირობებშიც კი გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები ე.წ. ბორდერიზაციის და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ჩათვლით, რაც, მოგეხსენებათ, საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რისი ნათელი მაგალითიც ამ დღეებში ვიხილეთ გენადი ბესტაევის შემთხვევის სახით.
საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით მოხერხდა ჰუმანიტარული კორიდორის ამოქმედება. პირველ ეტაპზე პენსიონერების, მრავალშვილიანი ოჯახების და შშმ პირებისთვის ენგურის ხიდთან პენსიისა და სხვა შემწეობის, ასევე, სააფთიაქო მომსახურების მისაღებად. ასევე, შევძელით აფხაზეთის რეგიონიდან 1000-ზე მეტი სტუდენტის, მოსწავლის და მათი ოჯახის წევრების ორგანიზებულად გადმოყვანა. აფხაზეთის რეგიონში, საერთაშორისო პარტნიორებმა, ჩვენი თანხმობით დაიწყეს ნდობის აღდგენისკენ მიმართული 100-ზე მეტი ახალი პროექტი.
მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო ჩვენი მზაობა, ანალოგიური დახმარება გავუწიოთ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას, თუმცა, ცხინვალის დესტრუქციული მიდგომისა და უარის შედეგად დახმარების გაწევა, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ ხერხდება,"- ნათქვამია თეა ახვლედიანის ანგარიშში.