ოპოზიცია საპროტესტო აქციების გეგმას ცვლის და 3 ლოკაციის ნაცვლად მასშტაბურ აქციას რესპუბლიკის მოედანზე გეგმავს. ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გააკეთა.
ნიკა მელია ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარის თქმით, მმართველი გუნდი ექსპრეზიდენტის შიმშილობით სიკვდილს უწყობს ხელს. ოპოზიციის ლიდერი მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ და დროს ხვალ 15:00 საათამდე აძლევს:
"ვაუქმებთ მსვლელობას 3 ლოკაციიდან, გელოდებით ხვალ 3 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე... მოემზადეთ სამართლიანი, არაძალადობრივი ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა არის სახელმწიფოს მკვლელობა მრავალი წლით.
მიუხედავად იმისა, რომ ხვალ არის სამუშაო დღე, მთავარი სამუშაო ადგილი არის ხვალ რესპუბლიკის მოედანზე. იქ ვიკრიბებით კონკრეტული გეგმით, რასაც ხვალ მეგობრებთან ერთად მე გაგაცნობთ.
ხელისუფლებას - თუ შეგრჩენიათ საღი აზრი და ჭკუა, ხვალ სამ საათამდე, უახლოეს პერიოდში გადაიყვანეთ სამოქალაქო ჰოსპიტალში. რადგან ამას თქვენ არ აკეთებთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ მოკლათ, ამ რეჟიმისგან ეს ქვეყანა გათავისუფლდეს და არცერთი ადამიანი არ იყოს დატყვევებული. ვინც ხვალ დააპირებს ჩამოსვლას, თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ სამართლიანი, არაძალადობრივი ბრძოლისთვის, რომელიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით და თუ არ დასრულდება, ბიძინა ივანიშვილო, დაინახავ. ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ ეს ადამიანი თქვენი ხელით გადარჩეს, თორემ ჩვენი ხელით ამ ადამიანს აუცილებლად გადავარჩენთ," - განაცხადა ნიკა მელია.