16 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
გლდანის ციხის საავადმყოფოსთან პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება ხდება, ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების მანქანაც

პენიტენციური სამსახურის № 18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი იმყოფება, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. ციხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების მანქანაც.

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 49-ე დღეა შიმშილობს, დღეს გონება დაკარგა და რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო. ის ამჟამადაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული და სტაბილურია.

ექიმთა კონსილიუმების წევრები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა იქნას გადაყვანილი. იგივე მოთხოვნა აქვს ოპოზიციასაც. თავად მიხეილ სააკაშვილმაც კი შიმშილობის შეწყვეტის პირობად სწორედ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა დაასახელა.

მმართველი გუნდი გლდანის ციხის საავადმყოფოს მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის ადეკვატურ დაწესებულებად მიიჩნევს, უცნობია შეიცვლება თუ არა მათი პოზიცია დღეს მომხდარი შემთხვევის გამო.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ციხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე იმყოფებიან "ქართული ოცნების" დეპუტატები  დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე, ასევე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეც.

დღის ამბები