16 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
არაღიარების პოლიტიკა, 3+3 ფორმატი და NATO-ში გაწევრიანება - რაზე ისაუბრა დავით ზალკალიანმა "მინისტრის საათის" ფორმატში

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 პუნქტიან სტრატეგიას წარადგენს, რომელიც მომდევნო 10 წელზეა გათვლილი.

მინისტრმა დეპუტატებთან არაღიარების პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით კონკრეტულად ვერ ისაუბრეს, ვინაიდან რუსეთის ფედერაციასაც გაზიარებული აქვს მცდელობები იმისათვის, რომ აღიარების თემაში მათი მხრიდან წარმატება იყოს.

"არაღიარების პოლიტიკა, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ამ კონკრეტიკაზე გასაგები მიზეზების გამო, ვერ ვისაუბრებ. რადგან რუსეთის ფედერაციასაც გაზიარებული აქვს მცდელობები იმისათვის, რომ აღიარების თემაში მათი მხრიდან იყოს წარმატება. მაგრამ ამას ჩვენ არ დავუშვებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჟენევას არ მოუტანია გარღვევა დეოკუპაციის მიმართულებით, ვფიქრობ, ამ ფორმატის შენარჩუნება აუცილებელია. რადგან ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვესაუბრებით, მათ მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების შესახებ,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

რაც შეეხება 3+3 ფორმატს, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო ვერ მიიღებს  ისეთ გეოპოლიტიკურ პროექტში მონაწილეობას, სადაც რუსეთიც მონაწილეობს. თუმცა მან ალტენატიული ფორმატი დაასახელა, რომელში მონაწილეობასაც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი მიიღებენ:

"ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ გეოპოლიტიკურ პროექტში მონაწილეობას, სადაც მონაწილეობს ქვეყანა, რომელსაც აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ჩვენი ალტერნატივა არის ის ინიციატივები, რაც ჩვენ წამოვაყენეთ. იგივე სამეულის ფორმატი - სამხრეთკავკასიის სამი ქვეყნის - საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. თბილისი იქცეს დილოგისთვის პლატფორმად. ჩვენ გვაქვს ამბიცია, შევთავაზოთ ჩვენს მეზობლებს ეკონომიკური პროექტები, რომელიც რეგიონში დაძაბულობის მოხსნას დაეხმარება. სწორედ ამ სამი ქვეყნის გადასაწყვეტია სამხრეთკავკასიის მომავალი,"- აღნიშნა დავით ზალკალიანმა. 

"მინისტრის საათის" ფორმატში, დავით ზალკალიანმა საკანონმდებლო ორგანოში, ასევე ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ამ მთავარ პრიორიტეტებთან ერთად, ქვეყნის მიზანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა და სამეკავშირეო ურთიერთობების ჩამოყალიბება. 

"ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება ჩვენი მიზანია და მინდა საზოგადოებამ კარგად გააცნობიეროს, რომ ეს არ არის მხოლოდ დეკლარაცია და ამას, ყოველდღიური მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება. NATO-ში ჩვენი სრულფასოვანი ინტეგრაცია, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ უკვე ფაქტობრივად, მოქმედებთ, როგორც მოკავშირე, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მზად ვიყოთ იმ მომენტისთვის, როდესაც ეს გადაწყვეტილება მომწიფდება. მეოთხე მიმართულება არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა და სამეკავშირეო ურთიერთობების ჩამოყალიბება ყველა მიმართულებით. ჩვენი ამბიცია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ავიყვანოთ იმ დონეზე, რაც გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით,"- აცხადებს დავით ზალკალიანი. 

დავით ზალკალიანი დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს. სესიას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

 

 

დღის ამბები