16 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
არავითარი რეალური საფუძველი გორის ჰოსპიტალზე უარის თქმის არ არსებობს, ველოდებით რაციონალურ პასუხს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტლის შერჩევის მთავარი პრინციპი უსაფრთხოება და რისკებისგან დაცვა იყო.

"ეს გადწყვეტილება დაეფუძნა 2 ასპექტს, პირველი ესაა სამედიცინო მხარე, გორის ჰოსპიტალი არის აღჭურვილი ყველაფრით, რაც საჭიროა ამ შემთხვევაში, როგორც აპარატურა, ასევე სამედიცინო პერსონალი. მეორე - უსაფრთხოების მხარე იყო ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ არის მაღალი რისკები. გორის ჰოსპიტალი არის ზუსტად ის ჰოსპიტალი, სადაც ყველაზე მეტად ვართ დაზღვეული ამ კუთხით რისკებისგან. როცა საუბარი იყო სამოქალაქო ჰოსპიტალზე, აქ იგულისხმებოდა ჰოსპიტალი ციხის გარეთ, რომელიც იქნებოდა შესაბამისად აღჭურვილი. ეს უზრუნველყოფილი იყო ციხის კლინიკაშიც თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი იყო მოთხოვნა და მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის გადაწყვეტილების მიღების დროს მაინც იყო ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გაფრთხილება. რისკები ზოგადად ყველგან არის, მაგრამ ბევრად უფრო მეტად ვიქნებით დაცული გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი იყო მოშიმშილე ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. მაგალითად  ელენე ხოშტარია, რომელიც 2 კვირაზე მეტია რეალურად შიმშილობს, მას ჰქონდა გაუარესებული ჯანმრთელობა, იყო სერიოზული რისკები და ამ შემთხვევაში აღარ დავაყოვნეთ და მივიღეთ სწორედ ასეთი რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე გახდა თუ არა გადაწყვეტილების მიღების მთავრი ფაქტორი ელენე ხოშტარიას გაუარესებული მდგომარეობა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნული დაადასტურა.

"მთავარი ფაქტორი ალბათ ეს იყო, ყველაზე ხანგრძლივი შიმშილობის ისტორია ჰქონდა ელენე ხოშტარიას," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გორის ჰოსპიტალზე უარის თქმით, საფუძველი არ არსებობს.

"არავითარი რეალური საფუძველი გორის ჰოსპიტალზე უარის თქმის არ არსებობს, ველოდებით რაციონალურ პასუხს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი ამ დრომდე პენიტენციური სამსახურის № 18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები