იუსტიციის მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში იქნას გადაყვანილი, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ერთ-ერთი დომინანტური ფაქტორი სწორედ ელენე ხოშტარია იყო და ის მიესალმება მის გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
"მისასალმებელია ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება და ვიქნები ძალიან გულწრფელი და არ დაგიმალავთ არც იმას, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთ-ერთი დომინანტური. გამოვიდა ისე, რომ ეს ადამიანი და სხვა მოშიმშილეები ამ სიტუაციურ მოცემულობაში სიტუაციურმა თანამზრახველებმა გაწირეს და ჩვენ, სახელმწიფომ ისინი არ გავწირეთ.
მთავარი, მათ შორის, სააკაშვილის უსაფრთხოება იქნას დაცული, არის ყველაზე მეტად უზრუნველყოფილი გორის ჰოსპიტალში, ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, გარდა იმისა, რა თქმა უნდა, რომ ის არის მრავალტექნოლოგიურიც, მულტიპროფილურიც. როგორც ლომჯარიას შეკრებილი ექიმებიდან, კონსილიუმიდან ერთ-ერთი საუბრობდა, შეთამაშებული გუნდიც არის, აქამდე ხომ მივედით, ამაზე ვსაუბრობდით, კი ბატონო ერთმანეთთან შეთამაშებული გუნდიც არის და ყველა ის პირობაა დაცული ერთად კომპლექსურად, რაც სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა უფრო ნაკლებად მიღწევადი ყოფილიყო," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილებას გონივრულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება ნებისმიერი მხარის მიერ გამოთქმულ რისკებსა და საფრთხეს აწესრიგებს და ანეიტრალებს.
"ეს იქნება კლინიკა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ყველა სამედიცინო რისკების პრაქტიკულად დაზღვევა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების იდეალურად მართვა," - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მთავრობა პატიმრობაში მყოფ მოშიმშილე ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში (გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი) გადაყვანას სთავაზობს.