პარლამენტთან შეკრებილმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა იუსტიციის სამინისტროს შეთავაზების შესახებ აქციაზე შეიტყვეს. გადაწყვეტილებაც, რომ მიხეილ სააკაშვილის გორში გადაყვანამდე არ დაშლილიყვნენ, ადგილზევე მიიღეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ უწყების განცხადება მარცხის აღიარებად შეაფასა და თქვა, რომ სამოქმედო გეგმაზე დეტალურად მოგვიანებით ისაუბრებდა. ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას წინასწარვე უწოდა სწორი.
აქციაზევე გააკეთეს განცხადებები სხვა ოპოზიციონერმა ლიდერებმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათმა საპროტესტო აქტივობებმა შედეგი გამოიღო. თქვეს, რომ ექიმების პოზიციებს ენდობიან, რომ პოლიტიკურ პირობას შეასრულებენ და კლინიკის სიახლოვეს აქციებს აღარ მოაწყობენ. დღევანდელ გადაწყვეტილებას გავლენა მხოლოდ ქუჩის პროცესებზე არ მოუხდენია. "ლელომ" საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
"ქართული ოცნების" ლიდერების განმარტებით კი, გადაწყვეტილება სამედიცინო და უსაფრთხოების მიმართულებებით არის მიღებული. მმართველ გუნდში ისიც თქვეს, რომ პროცესში გადამწყვეტი ელენე ხოშტარიას ფაქტორი აღმოჩნდა.
გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მოსწონთ იმ ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას იზიარებდნენ. მიაჩნიათ, რომ ამ ნაბიჯმა პოლიტიკურად დაძაბული სიტუაცია გარკვეულწილად შეამსუბუქა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო უპირატესობებზე უმრავლესობის ის დეპუტატებიც საუბრობენ, რომლებიც პროფესიით ექიმები არიან და რომლებიც გლდანის დაწესებულებაში მონიტორინგის მიზნით თავად იმყოფებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მანამდე რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, რამდენიმე კვირა გლდანის სამედიცინო ცენტრში გაატარა. სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას ამ პერიოდის განმავლობაში მისი თანაგუნდელები, ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რაც თავად სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტის პირობაც იყო.