16 ნოემბერი 2024,   14:04
ვრცლად
"ლელო" საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს, თუმცა საკანონმდებლო საქმიანობას არ უბრუნდება "ნაციონალური მოძრაობა"

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობისთვის." პარტიაში ამბობენ, რომ ისინი სხდომათა დარბაზში მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობისთვის დაბრუნდებიან.

"ბოიკოტის რეჟიმში ვართ ახლა, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დავბრუნდებით, როდესაც იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. სხვა პროცესებში ჩართვა ამ ეტაპისთვის არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მიტაცებულ ქვეყანაში ბევრი სხვა პრობლემაა, ვიდრე საპარლამენტო მუშაობის იმიტაციის შექმნაა," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ნონა მამულაშვილმა.

განსხვავებული პოზიცია აქვთ "ლელოში". ფრაქცია 2 ნოემბერს დაწყებულ პროტესტს წყვეტს და დღეიდან პარლამენტში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

"ჩვენი ფრაქცია გააგრძელებს საპარლამენტო შრომას ჩვეულ რეჟიმში, ვინაიდან ეს ბოიკოტი იყო ძალიან ნათელი მიზნით გამოცხადებული. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო ბერკეტს," - განაცხადა გრიგოლ გეგელია

რაც შეეხება მმართველ გუნდს, რატი იონათამიშვილის შეფასებით, საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი ნიშნავს, რომ ბოიკოტს უცხადებენ ამომრჩევლის ნებას.

დღის ამბები