"ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ფრაქცია დღეიდან პარლამენტში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. გადაწყვეტილება "ლელოში" მას შემდეგ მიიღეს, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
პატიმარი ექსპრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტისთვის საკმარისი საფუძველი არ არის "ნაციონალური მოძრაობისთვის".
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის თქმით, საპარლამენტო საქმიანობაში მხოლოდ იმ კენჭისყრის პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სრულად პროპორციულ საპარლამენტო სისტემას გულისხმობს.
"საპარლამენტო საქმიანობაში ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ მივიღებთ მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეობას, რომელიც გულისხმობს სრულად პროპორციულ საპარლამენტო სისტემას. ჩვენი საპარლამენტო ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, ეს საჯაროდ გვაქვს გაცხადებული. მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას," რომ მალე გამოიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებები, მალე დაიწყოს მომზადება ამასთან დაკავშირებით,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრის ლევან იოსელიანის თქმით, თუ ვინმეს სურს ბოიკოტი, შეუძლია წავიდეს ბოიკოტზე, მაგრამ შესაბამისად უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს.
"სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით კი, პოლიტიკურ ველზე ყველა გზა, ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული.
"პოლიტიკური ბრძოლოს ყველა ბერკეტი ყველა გზა უნდა იყოს გამოყენებული, მათ შორის პარლამენტი, საკრებულოები, ქუჩის აქციები თუ საჭირო იქნება, ასევე მედია აქტიურობა, დასავლეთ პარტნიორებთან მჭიდრო კონტაქტი და პარტნიორობა. ამიტომ, ყველა გზა "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის მიერ იქნება გამოყენებული,"- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ