16 ნოემბერი 2024,   14:07
ვრცლად
გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ, ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს, ეს არ მომწონს - გიული ალასანია

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ სარეაბილიტაციო მკურნალობას მე-3 დღეა გორის ჰოსპიტალში გადის. გასული დღეების განმავლობაში მას უკვე სტუმრობდნენ ექიმთა კონსილიუმის წევრები. დღეს კი მიხეილ სააკაშვილი დედამ - გიული ალასანიამ მოინახულა.   ექსპრეზიდენტთან დღეს ადვოკატებიც შევლენ. გორის ჰოსპიტალში უკვე მივიდნენ დიტო საძაგლიშვილი, გიორგი გელხაური და შოთა თუთბერიძე. ეს იქნება უფლებადამცველების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც პატიმარი ექს პრეზიდენტი მკურნალობის გასაგრძელებლად ციხის საავადმყოფოდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დღეს არის მესამე დღე, რაც მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, სამხედრო ჰოსპიტალთან, უსაფრთხოების მიზნით კვლავ სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის დედამ სამხედრო ჰოსპიტალი უკვე დატოვა, სადაც მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მკურნალობას გადის. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ზოგადად მაინც სუსტად გრძნობს თავს:

"მე რაც დავინახე უჭირს სიარული, კუნთების პრობლემა აქვს, სუსტად არის, რეაბილიტაციას დასჭირდება საკმაო დრო როგორც ჩანს. ეს ექიმები და პერსონალი ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ," - განაცხადა გიული ალასანიამ.

ექსპრეზიდენტის დედის თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს 23 ნოემბერი და მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობა ამ მხრივაც შეაფასოს. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება საზოგადოების მოთხოვნა უნდა გახდეს.

"გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ, ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს, ეს მე, რა თქმა უნდა არ მომწონს და ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი," - განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის პალატში წევრს, მას მისცეს სარკმლის გაღების უფლება, თუმცა სარკმელს გისოსები აქვს, რაც მისთვის ძალიან დამთრგუნველია.

 

დღის ამბები