16 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
მთავრობის ახალი ინიციატივა ონლაინ კაზინოებზე რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებს​ საჭიროებს - ფინანსთა მინისტრი

აზარტული თამაშების რეკლამების აკრძალვა, გადასახადების გაზრდა და მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა - მთავრობას ახალი ინიციატივა აქვს, რომელზე მუშაობასაც უახლოეს პერიოდში იწყებს.

როგორც პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ინიციატივა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების დაძლევაში მნიშვნელოვი დახმარება იქნება.  ეს არის ინიციატივის პირველი ეტაპი. მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე ეტაპზე, დაგეგმილია ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს ექნება გარკვეული ხედვა, რაც ბუნებრივია საჭიროებს დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებს.

"დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს ექნება გარკვეული ხედვა ამ მიმართულებით. საუბარი არ არის იმაზე, რომ ერთი კვირის განმავლობაში ეს სქემა ჩამოყალიბდება. თქვენ იცით, რომ ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით დიდი ხანია მუშაობს. დღეს უკვე გვეძლევა შესაძლებლობა არსებული სისტემებით ეფექტურად განვახორციელოთ, საგადასახადო პოლიტიკის ცვლილება. ბუნებრივია ეს საჭიროებს დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებს, ჩვენ ამ ხედვას გავაცნობთ საზოგადოებას და გაგრძელდება მუშაობა საქართველოს პარლამენტში," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.  

დღის ამბები