აზარტული თამაშების რეკლამების აკრძალვა, გადასახადების გაზრდა და მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა - მთავრობას ახალი ინიციატივა აქვს, რომელზე მუშაობასაც უახლოეს პერიოდში იწყებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ონლაინ კაზინოების მფლობელების უმრავლესობა არის უცხოური კომპანია. მომხმარებლების ფული კი, რაც მილიარდ 500-ს მილიონს შეადგენს, უცხოეთში გაედინება. ახალი ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრობლემის დაძლევას მნიშვნელოვნად დაეხმარება. ეს არის ინიციატივის პირველი ეტაპი. მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე ეტაპზე, დაგეგმილია ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვა.
ოპოზიცია აღნიშნულ ინიციატივას მოუმზადებელს უწოდებს, რომლის გაკონტროლებაც თეორიულად შეიძლებლად მიაჩნიათ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის-ძალა ერთობაშია“ წევრის რომან გოცირიძის თქმით, ონლაინ კაზინოს აკრძალვის ინიციატივა მოუმზადებელია და ვიღაცის საზიანოდ, ვიღაცის წისქვილზე დაასხამს წყალს.
"ეს არის აბსოლუტურად მოუმზადებელი საკითხი. ეს იქნება მორიგი ფუჭი განცხადებები, თუ ამის უკან არ დგას კერძო ინტერესები და ყოველთვის, როდესაც ხელისუფლებაში მსგავსი განცხადებები კეთდება, ვიღაცის საზიანოდ, ვიღაცის წისქვილზე ასხამს წყალს. ვნახავთ ჩვენ ამას, როგორი დადგენილება გამოვა და რას გულისხმობს ონლაინ კაზინოების გაკონტროლება, რომელიც თეორიულად შეუძლებელია, რომ გაკონტროლდეს,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის წევრის "გირჩი" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას, კაზინოების დახურვა წარმოუდგენლად მიაჩნია.
"მე მგონია, რომ არ შეიზღუდება. შეუძლებელი მგონია, რომ რომელიმე კაზინო არ გამოვიდეს თუ მას ხურავენ და გაუქმებას უპირებენ, რამე არ თქვას. სავარაუდოდ მათ, როგორც სხვა შემთხვევებში აქვთ რაღაც ტიპის გარანტიები, შეიძლება მოუწიოთ რაღაც ფულის გადახდა ან წილების გადახდა, ამ წუთას წარმოუდგენლად მეჩვენება კაზინოს ხურავდნენ და კაზინოები ასე პირში წყალჩაგუბებული ისხდნენ," - განაცხადა იაგო ხვიჩამ.