16 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
სხვადასხვა პოლიტიკურმა აქტორებმა სხვადასხვა მექანიზმები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას გაეცნობიერებინა სიტუაციის სიმწვავე - ანა ნაცვლიშვილი

"ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ფრაქცია დღეიდან პარლამენტში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

გადაწყვეტილება "ლელოში" მას შემდეგ მიიღეს, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

"კარგად გვახსოვს ის ძალიან მძიმე გაჯიუტების პერიოდი, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან მარტივ საკითხთან დაკავშირებით, რომ პაციენტი პატიმარი საჭიროებდა ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. სხვადასხვა პოლიტიკურმა აქტორებმა თუ კონკრეტულმა ლიდერებმა სხვადასხვა მექანიზმები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას გაეცნობიერებინა სიტუაციის სიმწვავე. ჩვენი ფრაქციის მხრიდან ეს იყო ბოიკოტი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

პატიმარი ექსპრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობისთვის".

"სამწუხაროდ ხელისუფლებამ და "ქართულმა ოცნებამ" ჩაგვაგდო ამ მდგომარეობაში, თორემ ჩვენზე უკეთ პარლამენტში მუშაობა არავინ არ იცის და მშვენივრადაც შეგვიძლია, ტრიბუნასთანაც, მაგიდასთანაც, კანონპროექტების შექმნაც და ა.შ. მაგრამ, ეს არ უნდათ "ქართულ ოცნებას" და როდესაც არჩევნები ყალბდება, რა უნდა იყოს პროტესტის ისეთი ფორმა, რომელიც შეაგნებინებს ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ადამიანს წაართვა თავისუფალი არჩევანის უფლება და აარჩევინო ის ხელისუფლება, რომელიც მას უნდა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრმა რომან გოცირიძემ.

როგორც პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, ნებისმიერი მექანიზმი, რაც ოპოზიციის ხელშია, კონკრეტული შედეგის მისაღებად უნდა იყოს გამოყენებული.

"ყველა მექანიზმი, რაც გვაქვს ხელში იქნება ეს საპარლამენტო, თუ არასაპარლამენტო მექანიზმი, აქციები იქნება, სესიებზე მონაწილეობა თუ საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობა, უნდა იყოს გამოყენებული ისე, რომ მივიღოთ კონკრეტული შედეგები. ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელი", "რეფორმების ჯგუფი" როგორც ფრაქცია, აქტიურად არც ყოფილა ბოიკოტში და ვიღებთ მონაწილეობას როგორც საკომიტეტო, ასევე სასესიო სხდომებზე," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები