აზარტული თამაშების რეკლამების აკრძალვა, გადასახადების გაზრდა და მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა - მთავრობას ახალი ინიციატივა აქვს, რომელზე მუშაობასაც უახლოეს პერიოდში იწყებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ონლაინ კაზინოების მფლობელების უმრავლესობა არის უცხოური კომპანია. მომხმარებლების ფული კი, რაც მილიარდ 500-ს მილიონს შეადგენს, უცხოეთში გაედინება. ახალი ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრობლემის დაძლევას მნიშვნელოვნად დაეხმარება. ეს არის ინიციატივის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე, დაგეგმილია ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვა.
ოპოზიციისგან განსხვავებით, მთავრობის ინიციატივას დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრის გიორგი ვოლსკის თქმით, ონლაინ კაზინოებმა მნიშვნელოვნად დააზიანა საზოგადოება.
"ონლაინ კაზინოებმა სერიოზულად დააზიანეს საზოგადოება, მაგრამ ფაქტია დღევანდელ ვითარებაში, მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში, სოციალური, ეკონომიკური პრობლემების შემხედვარე ქვეყანას არ აქვს ის ფუფუნება, რომ ყოველ წელიწადს ჩვენი ოჯახებიდან მილიარდ ნახევარ დოლარზე მეტი გავიდეს საზღვარგარეთ. გადა ამისა, რასაკვირველია ჯანსაღი ატმოსფერო, ფსიქოლოგიური ატმოსფერო არ არის ის თემა, რომელიც მეორე პლანზე უნდა გადავწიოთ, როდესაც ასეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, კაზინოებს ბევრი ახალგაზრდისთვის ფატალური შედეგი მოუტანია.
"ვიცი, რომ ეს პრობლემა არის და ბევრი ახალგაზრდისთვის ფატალური საფრთხეები შეუქმნია. კარგი იქნება თუ რაღაც სისტემური პრეზენტაცია იქნება ამ პრობლემის, რომ ყველას მიეცეს ამ პრობლემის გაანალიზების საშუალება ,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.