მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსების გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იგულისხმება, უარი განაცხადონ საკანონმდებლო საქმიანობაზე და მანდატებზე გარკვეულწილად, არის საბოტაჟის მცდელობა და არადემოკრატიული ქმედება.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს მიმართული შედეგისკენ, რასაც ამომრჩევლის მანდატის გამართლება ჰქვია.
"ნებისმიერი ქმედება იდეაში უნდა იყოს მიმართული რაღაც შედეგისკენ და ეს შედეგი არის იმ ამომრჩევლის მანდატის გამართლება, რომელმაც შენ ხმა მოგცა. ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში დაბრუნება ცალკეული ოპოზიციური პარტიების მიერ ცალსახად მისასალმებელია, რადგანაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკური დებატები და ხალხისათვის საუკეთესო გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს," - განაცხადა დავით სერგეენკომ.
გარდა ამისა, "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო არის სწორედ ის სივრცე, სადაც პოლიტიკოსებს შორის მსჯელობა და კამათი უნდა შედგეს და ასევე გადაწყვეტილებების მიღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა განხილვასაც საკანონმდებლო ორგანო უახლოეს მომავალში აპირებს.
"რეგლამენტის მიხედვით ამას ბოიკოტი ჰქვია, მაგრამ ისე საბოტაჟია ქვეყნის წინააღმდეგ.
ვიწყებთ ისეთი თემების განხილვას, როგორიც არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, თავდაცვის საკითხი და კონცეფცია. კიბერუსაფრთხოების თემაზე, ჰიბრიდული გამოწვევების და საშიშროების თემაზე, ფერმერების დახმარების და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა თემებია, რაშიც ისედაც არ იღებენ მონაწილეობას," - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.