ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის", 20-დღიანი პროტესტის შემდეგ, საკანონმდებლო საქმიანობას სრულად უბრუნდება. ფრაქციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, საპარლამენტო ბოიკოტის გაგრძელების საჭიროება აღარ დგას.
ყოფილი პრეზიდენტის გორის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება, ბოიკოტის შეწყვეტის საბაბი არ აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობისთვის". პარტიაში განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის გარდა, სხვა საკანონმდებლო საქმიანობაში იქამდე არ ჩაერთვებიან, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ შეწყდება.
ოპონენტებს საპარლამენტო ბოიკოტის გაგრძელების გადაწყვეტილებას არ უწონებენ მმართველ პარტიაში, სადაც აღნიშნავენ, რომ არჩევნების შედეგად მოსახლეობის მიერ მინიჭებულ მანდატებზე უარის თქმა - არადემოკრატიული პროცესია.
კოლეგებისგან განსხვავებით, საპარლამენტო საქმიანობას განაგრძობენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამ დრომდეც აქტიურად იყენებდნენ საკანონმდებლო სივრცეს.
მმართველი პარტია ოპონენტებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ საკანონმდებლო საქმიანობას. "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, პარლამენტი უახლოეს დღეებში იმ საკითხების განხილვას იწყებს, რომელთა მიღება და განხილვა მრავალპარტიულ ჩართულობას მოითხოვს.
საპარლამენტო ბოიკოტის დასრულების შემდეგ, ამ დრომდე გაურკვეველია რა ფორმატში გააგრძელებს საქმიანობას ფრაქცია ლელო. მამუკა ხაზარაძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ, ფრაქციაში ექვსი დეპუტატი დარჩა, რეგლამენტის მიხედვით კი საპარლამენტო ფრაქციის ფუნქციონირებისთვის მინიმუმ შვიდი კანონმდებელია საჭირო.