16 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
დააზარალებს თუ არა ქვეყნის ბიუჯეტს ონლაინ კაზინოებისთვის რეგულაციების გამკაცრება - რა შეფასებები მოჰყვა პრემიერის ინიციატივას

დროულ და მნიშვნელოვან რეგულაციად აფასებენ მმართველ გუნდში ონლაინ კაზინოებისთვის რეგულაციების გამკაცრებას. 

ოპოზიციის წარმომადგენლები კი რეგულაციების გამკაცრებას სკეპტიციზმით უყურებენ, თუმცა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით სწორი ცვლილებები აუცილებელია.

"ლელოში" აცხადებენ, რომ სათამაშო სფეროში ადეკვატური რეგულირება არ არსებობს და მთელ პოლიტიკურ სპექტრს, ამ მიმართულებით, ბევრი სასაუბრო აქვს.

"როდესაც ღარიბაშვილი საუბრობს ამ ყველაფერზე, როდესაც ცოტა ხნის წინ მან შეამცირა გადასახადები სწორედ ამ სექტორისთვის, არაფერ შემხებლობაში არ არის საერთოდ რაიმეს გარდაქმნის სურვილთან, რამდენადაც ეს არის თავის გადარჩენის და პოლიტიკური ფასის როგორღაც აწევის მცდელობა," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ონლაინ კაზინოები არ წარმოადგენს ქვეყნის ფინანსური შემოსავლის მთავარ არხს და ფიქრობს, რომ ბიუჯეტი ამ სეგმენტის დანაკლისთან გამკლავებას შეძლებს.

"საშემოსავლო ნაწილზე ალბათ არა მგონია, რომ ეს მთავარი მკვებავი იყოს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისა და შესაბამისად ამას რაღაცნაირად ბიუჯეტი გაუმკლავდება," - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

პრემიერ-მინისტრმა ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდასა და შემდეგ უკვე აკრძალვაზე მთავრობის სხდომაზე გუშინ ისაუბრა. ინიციატივის მიხედვით პირველ ეტაპზე იგეგმება, რეკლამის აკრძალვა და ასაკობრივი ბარიერის 25 წლამდე აწევა.

დღის ამბები