16 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამა კრიტიკის საგანი გახდა - ოპოზიცია ხელისუფლებას თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა - შრომისუნარიანი მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების გამკაცრებასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კრიტიკის საგანი გახდა.

ოპოზიცია ხელისუფლებას სოციალური თემებით მანიპულირებაში ადანაშაულებს.

მმართველ გუნდში კი, ინიციატივას პოზიტიურად აფასებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ მას მხარს ოპონენტებიც დაუჭერენ.

"სოციალური პროგრამა ახლა უკვე გარკვეულ გარდაქმნას საჭიროებდა. ამან გარკვეული სოციალური პარაზიტისმის ფორმაც კი მიიღო. იმიტომ, რომ ადამიანი შეეჩვია მცირე, მაგრამ გარანტირებული სოციალური დახმარების მიღებას და მოტივაცია წაერთვა, რომ შრომით საქმიანობაში ჩართულიყო. მე მჯერა, რომ ამას ყველა დაუჭერს მხარს,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. 

სოციალური დახმარების გაცემის გამკაცრებაზე გუშინ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის განცხადებით, შრომისუნარიან მოქალაქეებს ფინანსური დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილი უნდა შესთავაზონ. პრემიერის ინიციატივა 200 ათასზე მეტ შრომისუნარიან სოციალური სტატუსით მოსარგებლე ადამიანს ეხება. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი მიზანია ქვეყანას ჰყავდეს მეტი დასაქმებული და ნაკლები ღარიბი ადამიანი.

დღის ამბები