გორის ჰოსპიტალში სახალხო დამცველი იმყოფება. ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად თითქმის 2 საათის წინ შეუშვეს.
"საქართველოს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა ჩვენ ჩავერთვებით პროცესში ზედამხედველობის მიზნით და ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილ კონსილიუმს ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს ე.წ. მეორე მოსაზრებას, რაც არის აპრობირებული გზა მოსაზრების გაზიარების და რეკომენდაციების წარდგენისთვის," - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
მსჯავრდებულ სააკაშვილს ხვდებიან ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრებიც, რომლებმაც მედიასთან კომენტარი გააკეთეს.
"რამდენადაც ვიცი გაუმჯობესებულია, მაგრამ ამაზე მეტი არ ვიცი. გავეცნობით მდგომარეობას, გამოკვლევებს, შედეგებს, იმ ექიმებს ვინც აქ არიან. შეიძლება ჩვენ არც ვნახოთ პაციენტი, როგორც ქალბატონი ნინო გადაწყვეტს, სერიოზული მკურნალობა მიმდინარეობს და რამდენად ხანგრძლივი იქნება, ამის თქმა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ამას რეგულარული გასინჯვების მიხედვით უნდა მივხვდეთ," - განაცხადა თენგო წულაძემ.