ორშაბათს ფინანსთა მინისტრი, ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე კონკრეტულ ხედვას წარადგენს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, შემდეგ მთავრობა უშუალოდ პარლამენტს მიმართავს, რათა ფინანსთა მინისტრის მიერ წარდგენილი პროექტის ინიცირება მოხდეს.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იგეგმება აზარტული თამაშების რეკლამების აკრძალვა, გადასახადების გაზრდა და მომხმარებელთა ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე აწევა.
"ორშაბათს ჩემი დავალებით ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას, მთავრობის სხდომაზე. შემდეგ უკვე პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, რომ მათ მოახდინონ კანონპროექტის ინიცირება, რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ. სამი კომპონენტია - ასაკობრივი ზღვარის აწევა 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვა და გადასახადების გაზრდა.
ჩავდებთ დამატებით დამცავ მექანიზმებს და გავამკაცრებთ რეგისტრაციას. რეკლამა უნდა აიკრძალოს ყველა სახის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.